top of page

მშენებლობები

 

9 წლის ასაკი-რუბიკონი განსაკუთრებულობით ხასიათდება .ბავშვი პირველად განიცდის თავს სამყაროსგან გამოყოფილად და აქვს მარტოობისა და შიშის მძაფრი განცდა..ამიტომაც ვალდორფის სკოლაში მე-3 კლასის პროგრამა ისეა შედგენილი,რომ ბავშვის მშვინვიერს უწამლოს,ასაკობრივი კრიზისი გადაალახინოს.ეს მშვენერი საქმიანობა კი შესაქმის ისტორიით იწყება.პირველი ადამიანების სამოთხიდან გამოდევნა გავს 9 წლის მშვინვიერ მდგომარეობას,მოსწავლე განსაკუთრებული ინტერესით,ემოციით ისმენს ამბებს,ხატავს...შემდეგ უყვებიან როგორ მოიკიდა ადამიანმა ფეხი დედამიწაზე,როგორ ეცნობოდა სამყაროს,როგორი გაბედული იყო,რამდენი რამ შექმნა.ძველი ხელობების გაცნობაც ამას უკავშირდება.

სამყაროს გამოყოფილი მე დედამიწაზე იგებს სახლს,თავის ბუდეს,საძირკველს იდგამს.ჰოდა აქ მშენებლობის ეპოქა შემოდის.ის გადაალახინებს სათუთ ბავშვურ სამშვინველს შინაგან კრიზისს,ახალი ძალებით აავსებს და სიმამაცით შეაბიჯებინებს რეალურ,მიწიერ სამყაროში.ამ ყველაფრის პრაქტიკული განხორციელება მშობლების ჩართულობით ხდება,მამები მასწავლებლებთან ერთად გეგმავენ რა და როგორ ააშენონ -აკეთებენ პროექტს,ყიდულობენ მასალას და ბოლოს,შვილებთან ერთად ნამდვილ სამშენებლო საქმიანობაში ერთვებიან.

ხორბლის მარცვლიდან პურამდე

ვალდორფში ყველაფერს დაკვირვებით შეიმეცნებენ.ბავშვები თავად არიან ყველაზე ცოცხალი პროცესების მონაწილეები,ასე იქცევიან მთავარ მკლევარებად და სამყაროს აღმომჩენებად.

ჩვენმა ყოჩაღმა მეოთხე კლასელებმა მესამე კლასში დაწყებული მნიშვნელოვანი საქმიანობა, შემოდგომის მიწურულს დააგვირგვინეს. მათ მართლაც გრძელი და საინტერესო გზა გაიარეს, რომელსაც მოკლედ „ხორბლის მარცვლიდან - პურამდე“ შეგვიძლია ვუწოდოთ. რით იყო გამორჩეული ეს საქმიანობა, რა შესძინა მათ ამ გზის გავლამ, რა ისწავლეს, რა განიცადეს, რა აკეთეს? რა და, შეიტყვეს, რომ თესვამდე ჯერ ნიადაგი უნდა მომზადდეს. ამიტომ საგულდაგულოდ მოასუფთავეს პატარა ნაკვეთი უკანა ეზოში და გუთნით პირველი ხნული გაავლეს, გუთნისდედობა მოსინჯეს, რა თქმა უნდა, მებაღეობის მასწავლებლის, ქალბატონი ლალისა და ამ საქმეში გამოცდილი მეგობარი კლასის დახმარებით.

სიმღერისა და ფლეიტაზე დაკვრის თანხლებით ხნულში მარცვალი ჩაყარეს; მერე ლოდინშიდაც გაიწაფნენ; აბა, მიწას მიბარებული მარცვალი მყისიერად ხომ ვერ აღმოცენდება?! ის ჯერ მიწის საუფლოს უნდა გაეცნოს, იქაურ ბინადართ დაუმეგობრდეს, ტენი შეიწოვოს, პაწია ფესვები გაიდგას და მერე ზევით ამოიწვეროს, მზის სხივების შესაგებებლად. აი, ახლა კი ყოველდღე უნდა ადევნონ თვალი თავიანთ ნაშრომ-ნაამაგარს; მზერით მიეალერსონ, უმღერონ, სარეველები მოაშორონ, მორწყან, დააკვირდნენ ხორბლის სახეცვლილებას: ხასხასა მწვანე ჯეჯილიდან - ოქროსფერ თავთუხებამდე. ამასობაში, მოსავლის აღების დროც დადგა. ნამგლები მოიმარჯვეს, ხორბალი მომკეს, გალეწეს, ნამჯა და მარცვალი ერთმანეთისგან გამოარჩიეს...

 

ბატონი გიორგის ხელმძღვანელობით ყველაფერი წესისა და რიგისამებრ შესრულდა. მერე წიქვილისკენ გაუდგნენ გზას და სარეკელას რაკუნის ფონზე ხორბლის ფქვილად ქცევის პროცესიც განიცადეს. პურის გამოცხობაღაა დარჩენილი. უჩვეულო ფუსფუსია სკოლის სამზარეულოში: წინსაფარაფარებული მეოთხეკლასელები ცომს ზელენ, აგუნდავებენ და მერე ამ გუნდებს ეზოში, ღუმელთან მიარბენინებენ. მალე ახლად გამომცხვარი პურის სასიამოვნო სურნელი მთელ ეზოს მოედება...

მოსწავლეებმა პურის ცხობის დღე წმინდა მარტინის დღეს დაამთხვიეს, იმ წმინდანისა, რომელმაც გათოშილ მათხოვარს თავისი მოსასხამი გაუყო; ამდენად, ეს დღე გაღების, განაწილების დღეა და ჩვენმა სახეგაბრწყინებულმა მეოთხე კლასელებმაც თავიანთი გარჯით მოწეული უგემრიელესი, სურნელოვანი პური სიხარულით ჩამოურიგეს მთელ სკოლას. წრე შეიკრა!

საკუთარი გარჯის ნაყოფიერებაში დარწმუნება და ამ ნაყოფის განაწილებით გამოწვეული სიხარული ის საგზალია, რომელიც ადამიანს სკოლის წლებიდან ცხოვრების გზაზე მიჰყვება. ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ მეოთხეკლასელებს, სამომავლოდაც ასე გაბედულად შეეჭიდონ ყამირს, თავდაჯერებით იარონ მიზნისკენ და ასეთივე სიხარულით გაისარჯონ დედამიწისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები

ვალდორფის სკოლის უფროსკლასელები სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებს კლასის მზრუნველთან და რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად გადიან,სხვადასხვა რეგიონს სტუმრობენ,ძირითადად მაღალმთიანს.შესაბამის სამუშაოებზე ნაწილდებიან და ადგილობრივებს ეხმარებიან საზაფხულო სამუშაოებში.ასე უკეთ თანაუგრძნობენ მათ და ეცნობიან სოფლის ცხოვრებას მათ დიდებულ მკვიდრებთან ერთად.იღვიძებენ დილას,ძალიან ადრე,რომ დაკისრებული სამუშაოების შესრულება მოასწრონ.

საველე პრაქტიკების მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა წარმოადგენს,რომელშიც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ,ეხმარებიან და ერთად ქმნიან იმ გარემოს,რომელშიც ცხოვრება სასიამოვნოა.

ზოგი შეშას ჩეხავს,ნაწილი სახლს ალაგებს,ზოგიც ჭინჭარს კრეფს,თან ისუსხება,მაგრამ გული სიხარულით ევსება,რომ სამაგიეროდ ჭინჭარი მოიხარშება და ინდაურის ჭუკებს საჭმელი ექნებათ,ფქვავენ სიმინდს,ასუფთავებენ ტერიტორიებს,თიბავენ ბალახს,აწესრიგებენ მიწას ახალი ნერგებისთვის,თესავენ ბოსტნეულს,გაჰყაბთ სარწყავი არხები.

უამრავი სახალისო თავგადასავლის თანამონაწილეები არიან,მთების წყალს პეშვებით სვამენ,კოცონთან საიტერესო ამბებს უზიარებენ ერთმანეთს,თავიანთ განცდებზე საუბრობენ,მღერიან,ლაშქრობებს აწყობენ და საბოლოოდ ერთმანეთს საიმედო მცეველებად და მეგობრებად ევლინებიან.

სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა ფასდაუდებელ გამოცდილებას სძენს ჩვენს საყვარელ ვალდორფელებს.მიწასთან სიახლოვე,შრომისა და ჯაფის სასიკეთო ზეგავლენა,სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვა ახალი ძალებით და ხედვებით ავსებს მოზარდს.

bottom of page