top of page

ხელგარჯილობა

მოსწავლეები ხელგარჯილობის გაკვეთილებზე პირველი კლასიდანვე სწავლობენ ქსოვას და კერვას. შეიძლება გაჩნდეს კითხვა - გოგონებისთვის გასაგებია, მაგრამ რა საჭიროა ბიჭებმაც ისწავლონ ქსოვა, კერვა... ჩვენი მიზანია არა მხოლოდ რომელიმე ხელსაქმის შესწავლა, არამედ თავად პროცესი, ის, რაც ამ დროს ხდება. შექმნილი ნამუშევარი კი არის ჯილდო იმ ძალისხმევისა, რაც ბავშვმა გასწია.

უკვე აღიარებული და დადასტურებულია, რომ ხელების სიმარჯვე კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ტვინის ფორმირებაზე და აზროვნების ჩამოყალიბების პროცესზე.

ხელგარჯილობის გაკვეთილებზე სრულდება უკიდურესად რთული, ფაქიზი მოტორული მოძრაობები, რომლებიც მუდმივად ვარჯიშდება, სანამ მას ბავშვი არ გაითავისებს. შემდეგ მოძრაობები ხდება ზუსტი, მიზანმიმართული და სწორად ეს არის ხელგარჯილობის გაკვეთილის მიზანი - ხელებისა და თითების სიმარჯვის გამომუშავება. ამ დროს იხვეწება და ვითარდება ფაქიზი მოტორიკა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტვინის ფორმირებისთვის და ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის.

ვალდორფის სკოლის მოსწავლეთა მშობლებს ხშირად იხილავთ მათივე შვილების მოქსოვილი ქუდებით, შეკერილი ჩანთებით ან ჭრელი, მშვენიერი თათმანებით... ბავშვები ხალისით და სიყვარულით ქმნიან ნივთებს ოჯახის წევრებისთვის.

ისინი ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ მხატვრული ნაკეთობის, სასარგებლო ნივთების ხელით შექმნას სხვათათვის თუ საკუთარი თავისათვის და რა გასაკვირია, რომ ზრდასრულ ასაკშიც არ იქნებიან გაუცხოებულნი სხვა ადამიანებისა მიმართ. ეს კი სოციალური უნარის ჩამოყალიბების საწინდარია.

გარდა ამისა მნიშვნელოვანია განცდა - ეს მე  მოვახერხე!

ბავშვი ხვდება, რომ მან სასარგებლო რამ შექმნა, რაც მოსწავლეს თავდაჯერებულობასა და საკუთარი შესაძლებლობის რწმენას მატებს. ხელგარჯილობა ასევე ავითარებს გულმოდგინებას, თანმიმდევრულობას, ნებისყოფას, სამუშაო პროცესის დაგეგმვას და მის შესრულებას.  

ხელოსნობა

ვალდორფის პედაგოგიკაში ხელოსნობას, როგორც პრაქტიკული დანიშნულების საგანს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მისი საშუალებით იწაფება წვრილი მოტორიკა - ხელის მტევნებითა და თითებით შესრულებული მოძრაობების შეთანხმება, ხელის გაწაფულობა, საინტერესო და სასარგებლო საქმიანობაში მოსწავლის ჩართვა ფასდაუდებელი შედეგების მომტანია.

ხელოსნური უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან ერთად ეს აზროვნების მოქნილობასაც უწყობს ხელს.

ხელოსნობის გაკვეთილები მე-5 კლასიდან იწყება. სამუშაო იარაღების დაუფლებას მოსწავლეები მეექვსე კლასიდან აგრძელებენ.

ქლიბის, ხერხის, ჩაქუჩის, სადურგლო დანის გაცნობა და მათი უსაფრთხოდ გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ოსტატი მასწავლებლის მეთვალყურეობით ხდება.

მოსწავლეები ამზადებენ პრაქტიკულად გამოსაყენებელ ნივთებს - სათამაშოებს, საყოფაცხოვრებო საგნებს. ესენია რთული, ჩაღრმავებული და ამოზნექილი ფორმები (კოვზები), გემი, სახლი...  


 

დროის მაგიდა

ჩვენი სკოლის კლასებში ერთი მშვენიერი კუთხეა. განსაკუთრებული კუთხე. ეს დროის მაგიდაა. ბუნებისა და წელიწადის დროების სამკვიდრებელი ოთახში.
 

დროის მაგიდა სეზონის მიხედვით ირთვება და იკაზმება. მასწავლებლები სიყვარულით, სიფაქიზით, მოწიწებით არჩევენ დროის მაგიდაზე მოსათავსებელ საგნებს.


აქ ნახავთ მინერალებს, ხის ფიგურებს, თექის პაწაწა თოჯინებს, ბუნებისგან ნათხოვარ საგნებს, რომლებიც წელიწადის დროზე მიგვანიშნებს - ეს ჯადოსნური, ფერადი და მიმზიდველი მაგიდები მოსწავლეების ყურადღებას ყოველთვის იპყრობს.


ადამიანს სჭირდება სიფხიზლე. მნიშვნელოვანია „აქ და ახლა“ ყოფნა, იმის სრულად შეგრძნება, რაც წელიწადის ამ დროს,  ამ დღეს, ამ მომენტში ხდება.


გარემოს აღვიქვამთ გრძნობათა ორგანოებით, მთელი სხეულით. დროის მაგიდა იმის შეხსენებაა, რომ ბუნება - აქვეა.
რა საამურია, შევიგრძნოთ, შევეხოთ, დავინახოთ, შევიყნოსოთ ბუნებისა და წელიწადის დროის გამოძახილი ოთხ კედელშიც.


მოსწავლეები მოფრთხილებასაც სწავლობენ. მათ იციან, დროის მაგიდა ძვირფასი და მოსაფრთხილებელი კუთხეა. რაც იქ დევს, ყველასია. ყველას თვალს ახარებს, ყველას გულს ავსებს ხან შემოდგომის ნოყიერებითა და ნაყოფიერებით, ხან ზამთრის სიქათქათით, ხან გაზაფხულის სურნელებითა და ფერებით და ხანაც ზაფხულის სინარნარით.

დაფა ვალდორფის სკოლაში

ვალდორფის სკოლაში გარემოს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სათუთადაა ნაზრუნი-ეზოზე, ყვავილებზე, შენობაზე, საკლასო სივრცეებზე, კედლებზე, ავეჯზე, დროის მაგიდაზე...მთავარია, ყველაფერი ბუნებრივი და ლამაზი იყოს. აქეთაა მიმართული კედლის პასტელური ფერები, განსაკუთრებული მანერით შესრულებული-თავად მასწავლებლის მიერ. ფერიც ასაკობრივი განვითარების შესაბამისადაა შერჩეული. ავეჯი ხის, სადა...ფარდებიც კედლის შესაბამისი.თვალში მოსახვედრია დროის მაგიდა,რომელიც სეზონის მიხედვით იცვლება, ფერები გემოვნებით, წელიწადის დროის მიხედვითაა შერჩეული. ზედ დაინახავთ-თექისგან შექმნილ მშვენიერ არსებებს-ანგელოზებს, ყვავილებს; ქვებსა და მინერალებს; გირჩებს და ფოთლებს; ცხოველებს და ადამიანებს. ყველა მასწავლებელი განსხვავებულად რთავს და აწყობს საკლასო სივრცეს, მოსწავლეებზე ფიქრით და შეგრძნებით.

 

შეუძლებელია ამ სივრცეებში მოხვედრისას- გამოგრჩეთ საკლასო ოთახის განუყოფელი ატრიბუტი-დაფა, რომელიც ფიქრით, რუდუნებით, სიყვარულით შექმნილი ნახატებითაა შემკული. დაწყებით კლასებში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობით არის გამოხატული მასზე სათქმელი. წელიწადის დრო თავისი შინაარსით ისეა დახატული, რომ ბავშვის პატარა სამშვინველზე ღრმად აღიბეჭდება. ფერებიც მოწიწებით გამოხატავენ სათქმელსა, თუ არსს. ბავშვები აღტაცებით შესცქერიან თავიანთი მასწავლებლის ხელით შექმნილ ნახატს... მასწავლებელი მათ გასახარებლად ხშირად ამატებს პატარ-პატარა დეტალებს შემდგომის ნახატს (ზღარბს, კუს, ვაშლებს, გირჩს, კურდღელს...) , ფხიზელი მოსწავლე მეორე დღეს აუცილებლად აღმოაჩენს დაფაზე შეცვლილ, დამატებულ დეტალს და მთელ კლასს სიხარულით ამცნობს. ბავშვები ფერადოვნებით არიან მოცულნი და თავადაც სურთ ხატონ... ხშირად ბაძავენ მასწავლებლის დაფის ნახატს. არამც და არამც არ შეეხებიან დაფას. მათ იციან, რომ ეს მასწავლებლის სივრცეა. დაფის ნახატი სეზონიდან-სეზონამდე ამშვენებს კლასს. ზამთარი სხვა ფერია (ლურჯი), გაზაფხული-მწვანეა, ზაფხული- წითელ-ყვითელი; შემოდგომა- ნარინჯისფერ-ყვითელ-წითელი, ჭრელი; ბავშვებში სხვაგვარად შეიგრძნობა ბუნება, ფერები, დრო... ისინი გრძნობენ, მოწიწებით და სიყვარულით შესცქერიან სამყაროს ფერადოვნებას.

ასაკის მატებასთან ერთად დაფის ნახატიც იცვლება. ის ახლა ეპოქების თემატიკის შესაბამისია, გართულდა. თუ მცენარეთა სამყაროს ეცნობიან- მცენარეებია დაფაზე, ცხოველთა სამყაროს-ცხოველები, მინერალებს- კრისტალები, რომის ისტორიას- ძველი რომაული სახლები, იმპერატორები, მათი სამოსი, ჯარისკაცები, ტაძრები, აბანოები, აკვედუკები, შადრევნები...გეოგრაფიას გადიან-რუკებს, მდინარეებს, ხიდებს, ზღვებს ხატავენ და ა.შ.

რაც მთავარია, მასწავლებლის ნახატები ბავშვისთვის მშვენიერების განცდის გარდა-ხატვაში გაწაფულობის, ფანტაზიის განვითარების, გრძნობის ორგანოებზე ზრუნვის, მათი აღზრდისთვისაა მნიშვნელოვანი. ბავშვები ეპოქის რვეულებს  (საკუთარი ხელით შექმნილ წიგნებს) ქმნიან, მასწავლებლის მიერ დაფაზე დაწერილი ეპოქის მასალითა და ნახატებით, გვერდებს ნომრავენ, სარჩევს და სქოლიოსაც უკეთებენ. ყოველივე ეს შესაძლებლობას იძლევა- მასწავლებელი დააკვირდეს, ვის როგორი მოთმინებით, სიღრმით, სისათუთით, ლამაზად შეუძლია მუშაობა. აქ ბევრ რამეს დაიჭერ- ტემერამენტს, ბავშვის არსების მიჩქმალულ დეტალებს, მისი განვითარების ნაბიჯებს წლიდან-წლამდე.

წარმოიდგინეთ პირველკლასელი, რომელიც ნახატებით სწავლობს ასოებს, ციფრებს... როგორი ბმა, ღრმა კავშირი შეუძლია გააბას  გარემომცველ სამყაროსთან. სურათ-ხატოვანი სწავლება ბავშვში აღზრდის სიყვარულით სავსე, ჰარმონიულ ადამიანს. ბავშვს უნდა შეაყვარო სამყარო, რათა სიყვარულით იცხოვროს, შექმნას, შეცვალოს, შეიცნოს, გარდაქმნას...

 

ვალდორფის პედაგოგიკის ამოცანაც სწორედ ესაა-აღზარდოს მომავლის ადამიანი, თავისუფალი, გემოვნებიანი,უნარებით დახუნძლული, ფეხზე მყარად მდგომი პიროვნება

bottom of page