top of page

მისია

თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა კერძო, ქართული ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა. ვალდორფის სკოლის მიზანია მისცეს ბავშვს მისი უნარების მაქსიმალური განვითარების შესაძლებლობა როგორც ინტელექტუალური, ასევე პრაქტიკული და შემოქმედებითი მიმართულებით, რაც განაპირობებს ახალგაზრდა ადამიანში რეალობისადმი თვალის გასწორების უნარისა და მისი შესაძლებლობების რწმენის ჩამოყალიბებას. სკოლის მიზანია კაცობრიობის განვითარების შესახებ სიღრმისეული განათლების მიცემით ახალგაზრდა ადამიანს განუვითაროს დედამიწის მოქალაქეობის ღრმა პასუხისმგებლობა.

ხედვა

სკოლაში სწავლება ხორციელდება ანთროპოსოფიულ ადამიანთმცოდნეობაზე დაფუძნებული საერთაშორისოდ აღიარებული ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპებით და ეყრდნობა ქართულ კულტურას. მოსწავლის ჯანსაღი განვითარებისთვის პედაგოგები და მშობლები აქტიურად თანამშრომლობენ და ინაწილებენ პასუხისმგებლობას, როგორც აღმზრდელობით, ასევე სკოლის მართვის სფეროში. სკოლის სასწავლო პროგრამა შეესაბამება როგორც ვალდორფის სკოლების საერთაშორისოდ აღიარებულ კურიკულუმს, ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმას. სკოლა ხელმისაწვდომია ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად რელიგიური, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა. ხარისხის გაუმჯობესებისა და ამაღლების მიზნით სკოლას შემუშავებული აქვს სტრატეგია, რომელიც მუდმივად ცვალებადია დროის მოთხოვნების შესაბამისად

ღირებულებები

ვალდორფის პედაგოგიკის ამოსავალი წერტილია ბავშვისა და მოზარდის ინდივიდუალურ განვითარებაზე დაკვირვება და მისი ხელშეწყობა, ასევე, მათი შესაძლებლობებისა და პოტენციალის გამოვლენა. აღზრდის პროცესი მიმდინარეობს ზოგადადამიანური ღირებულებების, მოსწავლეთა პიროვნული ღირსების, კულტურული მრავალფეროვნების სრული პატივისცემით, მათი შემეცნებითი, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების თანაბარი განვითარებით. სკოლის მიზანია, აღზარდოს თავისუფალი პიროვნება, რომელიც აცნობიერებს თავის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და თავად საზღვრავს საკუთარ ადგილს თანამედროვე საზოგადოებაში.

საგანმანათლებლო მიზნები

ჰოლისტური განვითარება: ყურადღება გამახვილებულია მთლიანი ადამიანის განვითარებაზე, რაც ეყრდნობა სწავლის პროცესსა და ადამიანის უნარების მაქსიმალური განვითარების შესაძლებლობებს.

ინდივიდუალური მხარდაჭერა: თითოეული ბავშვი აღიქმება, როგორც უნიკალური ინდივიდი და ხდება მისი ინდივიდუალური პოტენციალის განვითარებაზე ზრუნვა.

სწავლის სიხარული და კრეატიულობა: შთამაგონებელმა სასწავლო გარემომ უნდა შეუწყოს ხელი სწავლის სიხარულს, შემოქმედებითობის განვითარებასა და ადამიანის შინაგან თავისუფლებას.

შემოქმედება, ხელოვნება და პრქტიკა: ტრადიციული საგნების გარდა სასწავლო პროცესში ინტეგრირებულია ხელოვნება, მუსიკა, ხელსაქმე, მებაღეობა და მეცნიერება, სწავლა ხდება პრაქტიკული გამოცდილებისა და ბუნებასთან ურთიერთქმედების გზით, რაც იწვევს სამყაროს ყოვლისმომცველ გაგებას და თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა.

სოციალური სამართლიანობა: ვალდორფის განათლების ერთ-ერთ მთავარ პრინციპს სოციალური სამართლიანობა წარმოადგენს.

bottom of page