top of page

ვალდორფის სკოლის პედაგოგიკის შესახებ

ვალდორფის პედაგოგიკის მთავარი მიზანი ადამიანის ჰარმონიული განვითარების უზრუნველყოფაა. ამ მიზნით ვალდორფის სკოლაში თანაბარი ყურადღება ეთმობა მოზარდი ადამიანის ინტელექტუალურ,  შემოქმედებით, პრაქტიკულ და სოციალურ უნართა განვითარებას. პირველივე კლასიდან ბავშვები ეუფლებიან ორ ენას; გოგონები და ბიჭები ერთად, დიფერენცირების გარეშე, ესწრებიან ხელგარჯილობისა და ხელობების გაკვეთილებს და სწავლობენ ქსოვას, კერვას, ქარგვას, ხეზე მუშაობას, ლითონის ჭედვას. აქტივობების სიმრავლე და მრავალფეროვნება ხელს უწყობს ადამიანის მრავალმხრივ განვითარებას. გაკვეთილების ფორმა და შინაარსი სრულ თანხვედრაშია ასაკობრივი განვითარებისთვის დამახასიათებელ შინაგან პროცესებთან და განვითარების ფაზებთან. ყველა ზემოხსენებული  ფაქტორი ადამიანის შინაგანი თავისუფლების გამომუშავებასა და გამოვლენას ემსახურება.

 

ვალდორფის სკოლაში სასწავლო შინაარსები თუ თემატიკა და გაკვეთილის სტრუქტურა მოზარდთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებითაა შედგენილი, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გაღვივებას. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ინტერესი  განპირობებული უნდა იყოს არა გარეგანი მოტივაციით (მაღალი შეფასება ან სასურველი ქულა ტესტში), არამედ შინაგანი მოტივაციით. გარეგანი მოტივაციის შექმნა სირთულეს არ წარმოადგენს, შინაგანი მოტივაციის აღძვრა და შენარჩუნება კი გაცილებით რთული და შრომატევადი საქმეა. აღფრთოვანება და პოზიტიური მიმართება სასწავლო საგნისადმი  ნიშანმა კი არა, საგნისადმი ინტერესმა უნდა განაპირობოს. პედაგოგთა მთავარი ამოცანაც მოსწავლეთათვის სწორედ ამგვარი ინტერესის გაღვივებაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვალდორფის სკოლებში სასწავლო პროცესი ისეა დაგეგმილი, რომ მოსწავლეები რამდენიმე კვირის განმავლობაში, დილის საათებში უღრმავდებიან ერთსა და იმავე საგანს, ყოველგვარი წყვეტის გარეშე. ეს გახლავთ ე. წ. ეპოქის გაკვეთილი, რომელიც ორი შეერთებული გაკვეთილის ხანგრძლივობისაა. ორი, სამი ან ოთხი კვირის მანძილზე მოსწავლე მუშაობს და სიღრმისეულად ეუფლება ერთ კონკრეტულ საგანს.  ამრიგად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხრილში მონაცვლეობით ჩნდება გეოგრაფიის, ფიზიკის, ისტორიის, ბიოლოგიის, ლიტერატურის, მათემატიკის, ქიმიის და ა. შ. ეპოქები. სწავლების მსგავსი მეთოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეს, გაითავისოს, გაიაზროს, ყოველმხრივ დაამუშაოს ესა თუ ის საკითხი, ჩაუღრმავდეს საგნის შინაარსს, გაეცნოს დეტალებს, შეასრულოს სხვადასხვა სახალისო, შემეცნებითი აქტივობები. გარდა ეპოქის გაკვეთილისა, ცხრილში არის 40 წუთიანი გაკვეთილებიც, რომელთა ხარჯზეც განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით აუცილებელი კვირეული დატვირთვა კლასებისა და საგნების მიხედვით.

shoba_edited.jpg
bottom of page