XI კლასი - კერამიკის ხელოვნება

12 მარ. 2024
კერამიკული ნაკეთობების დაუფლება
მე-11 კლასში მოსწავლეები კერამიკის ხელოვნებას ეუფლებიან.
კერამიკის სახელოსნოში შემოქმედებითი, განსხვავებული, არაჩვეულებრივი სამყარო იშლება ახალგაზრდების თვალწინ.
ისინი ეცნობიან კერამიკული ნაკეთობის დამზადების სხვადასხვა ტექნიკას - მთლიანი ფორმისგან გამოყვანა, აშენება, პლასტით ფორმირება, თაბაშირის ფორმებზე ამოწნეხვა. სწავლობენ კერამიკული საღებავებით მოხატვისა და დეკორირების ტექნიკას.
მოსწავლეები ამზადებენ დეკორატიულ ნივთებს, საგნებს, რომლებსაც თავად გამოიყენებენ ყოფაცხოვრებაში, ჯამებს, ჭიქებს, თეფშებს. ჩანაფიქრი, ესკიზი, იდეა ნელ-ნელა, ეტაპობრივად იძენს ფიზიკურ ფორმას. ნამუშევრის ფორმირება საკუთარი ხელებით, გაშრობა, დაზუმფარება, მოხატვა, მოჭიქურება, გამოწვა - ამ გზას გადის კერამიკული ნაკეთობა მანამ, სანამ საბოლოო იერსახეს მიიღებს.
თიხაზე მუშაობა განსაკუთრებული გამოცდილებაა.
ეს დამყოლი, გრილი, რბილი, გლესია, თვინიერი და ამასთან, მტკიცე მასალა ურთიერთობის საკუთარ წესებსაც კარნახობს შემოქმედს, მის ნება-სურვილსაც მიჰყვება და ამ საოცარი თანამშრომლობის შედეგად იბადება ახალი ნივთი. რაღაც, რაც აქამდე მხოლოდ წარმოსახვაში არსებობდა. რაღაც, რასაც ამიერიდან ფუნქცია, დანიშნულება ექნება - ყოფითი ან ესთეტიკური. კერამიკის სახელოსნოში ნაკეთობაზე მუშაობის ყველა ეტაპი გამორჩეულია.
თავად შემოქმედების პროცესი, ქმედების აქტი - წარმოსახვაში არსებულის ფორმირება, ხორცშესხმა, მიღებული თვალხილული შედეგით, მშვენიერი ნივთით ტკბობა, გასრულებული საქმისგან მონიჭებული სიამოვნება... არის რაღაც ჯადოსნური, სხეულებრივად განცდადი, დამაკმაყოფილებელი, ადამიანისთვის უძველესი დროიდანვე ორგანული ამ საქმიანობაში. კერამიკის სახელოსნოში მოსწავლეები ამ არაჩვეულებრივ გზას ქეთი კოღუაშვილთან ერთად გადიან.