ხორბლის მარცვლიდან-პურამდე

7 დეკ. 2023
ჯერ ხორბალი დათესეს,მოსავალი აიღეს,გალეწეს,დაფქვეს,მოზილეს და პურად აქციეს.
მეოთხე კლასი პურის გამოცხობის საოცარ ისტორიას მოგიყვებათ
როგორ გაიარა პაწაწინა ხორბლის მარცვალმა გზა მიწაში მიბარებიდან მოსავლის აღებამდე, გალეწვამდე, განიავებამდე, წყლის წისქვილში წაღებამდე, ფქვილად გადაქცევამდე, ცომის მოზელასა და პურის გამოცხობამდე .
მარცვლის ისტორია მე-3 კლასში დაიწყო, ზაფხულში მოსავალიც აიღეს...
მე-4 კლასის შემოდგომით-ხორბალი ჯერ საკუთარი პატარა ხელებით გალეწეს, შემდეგ იქვე გაანიავეს და ბოლოს, ტომრით წისქვილს გაანავარდეს. აქ მეწისქვილეს უმღერეს, დოლაბის ქვასა და ბორბალს აღტაცებით უყურეს და უკან ნობათით დაბრუნდნენ.
პაწაწინა მარცვლებისგან მიღებული ფქვილი მშობლებთან ერთად გაცრეს,ცომი მოზილეს, ფორმა მისცეს და ღუმელისთვის მოამზადეს.
ამასობაში მამიკოები გარეთ შეშის ჩეხვითა და სკოლის ეზოში მდებარე ბუხარში ცეცხლის აგიზგიზებით იყვნენ დაკავებული.
ნარინჯისფერი ნაკვერჩხლები აქეთ-იქით მისწიეს და პური ღუმელში მოათავსეს. მალე მადლიანი, ერთიანი შრომით მიღებული, გულსულგამოვლილი, სურნელოვანი პურის სუნი დატრიალდა. აი,აქ კი მხიარული ჟრიამული ატყდა, ალბათ ესაა შედეგით კმაყოფილების შეგრძნებაც.
მე-4 კლასელებმა დააგემოვნეს ცხელი პური, თან ერთმანეთს უნაწილებდნენ საკუთარი შრომით მიღებულ ნაყოფს.
მეორე დღეს პური მთელ სკოლას გაუნაწილეს, მათ სიხარულით, ლექსებისა და სიმღერების თანხლებით მოიარეს კლასები და ძღვენი მოართვეს. ეს მთელი სკოლის დღესასწაული იყო, ნამდვილი დღე-სასწაული.
კლასის მასწავლებელი: ცინარ იოსელიანი
