top of page

ორკესტრის გასტროლი

001.jpg

4 ნოე. 2023

ვალდორფის სკოლის ორკესტრი გერმანიაში

ჩვენი ორკესტრის გასტროლების შესახებ უნდა გიამბოთ.

პატარ-პატარა ამბებად შევკარით შთაბეჭდილებები.

♫⋆。♪ ₊˚♬ ゚.

შეხვედრა მერიაში

ელენე ქევხიშვილი

ზაარბრიუკენის მერიაში გვქონდა კონცერტი. მერია მუზეუმს უფრო ჰგავდა. დიდებული დარბაზი აქვთ! შუშაბანდებიდან წითელი, ყვითელი, მწვანე შუქი იღვრებოდა. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ფანჯრებზეც თბილისის გერბი ჰქონდათ გამოსახული და გამოფენილ დროშაზეც. ქალაქის მერი სიტყვით გამოვიდა, ქართველებს მოგვესალმა, მადლიერება გამოხატა. მერე ჩვენ ჩვენი ხალხური სიმღერები ვიმღერეთ. მერთან ერთად მისი დამხმარეც იყო შეხვედრაზე. სიმღერას რომ მოვრჩით, ჩემთან მოვიდა და ქართულად მითხრა - რა კარგად მღერით! თავიდან მეგონა, მომესმა. გავუღიმე. გავაგრძელეთ კონცერტი. თვალთახედვიდან დავკარგე ეს ადამიანიც, მერიც. სადღაც გავიდნენ. „თბილისო“ ვიმღერეთ და ვხედავ, ისევ მოდის ჩემკენ, ისევ ქართულად მეუბნება: „ეს ჩემი საყვარელი სიმღერა იყო და იქნება!“. გული გამითბა.

დუმილის ადეპტები

რუსუდან მეტრეველი  

ზაარბრიუკენის რადიოში სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციაზე მიგვიწვიეს. თან მკაცრად გაგვაფრთხილეს - შესვლას შეძლებთ, გამოსვლას კი ვერაო. ისეთი სიჩუმე უნდა იდგეს ორი საათის განმავლობაში, ისეთი, თითქოს სამყარომ სუნთქვა შეიკრაო. როგორი გაფრთხილებაა? ძალიან მოსაფრთხილებელი. ორი საათი ჩვენს ახალგაზრდებს ჩქამი არ გაუღიათ. ისხდნენ გასუსულები. ისმენდნენ დებიუსის ღვთაებრივ მუსიკას. სამყარო მართლა გარინდულივით იყო. იქიდან გამოსულებს მადლობა გადაგვიხადეს სრულყოფილი დუმილის შექმნისთვის“...

„სულიკო“

ნატალია როინიშვილი  

„სიმღერით, თამაშით, ცეკვით აახმაურეს, ააჟრიამულეს და გაახალისეს ზაარბრიუკენი ჩვენმა ვალდორფელებმა. ეს იყო არაჩვეულებრივი ამბავი მეგობრობის, ერთობის, გერმანელი და ქართველი ახალგაზრდების ურთიერთობის. ერთი ავტობუსი გვემსახურებოდა. სამი მძღოლი ენაცვლებოდა ერთმანეთს. ჩვენი ავტობუსში ასვლა და სიმღერის დაგუგუნება ერთი იყო. წამოსვლისას ამ სამიდან ერთი სრულყოფილად დაეუფლა „სულიკოს“, დანარჩენებმაც გადასარევად შეისწავლეს ქართული სიმღერები...“

ოჯახი

მარიამ კინწურაშვილი  

ორკესტრი ერთი დიდი ოჯახია, რომელიც გვაერთიანებს...

მიხარია რომ ჩვენი ერთიანი ძალებით ეს შევძელით, თავდაუზოგავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. გენიალური შედეგი!

ამ 10 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინეთ, რომლებიც არასოდეს დაგვავიწყდება...ყველაზე ამაღელვებელი ის იყო, რომ გამომშვიდობებისას მათ თვალებზე ცრემლი შევნიშნე. მართლა არ მეგონა ასეთი ემოციურები თუ იყვნენ...ამან კიდევ უფრო შემაყვარა ისინი...♡ეს სკოლა უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს,ძალიან მიხარია ამ საზოგადოების ნაწილი რომ ვარ და ბედისწერამ ეს მზიანი ადამიანები გამაცნო!

ეს მხოლოდ დასაწყისია...

ნინო მურადაშვილი  

ყველაზე ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი გერმანელების სიურპრიზი იყო. კონცერტზე მრავალჟამიერი გვიმღერეს.

 ისე ტკბილად და ჰარმონიულად შეასრულეს, რომ ჩვენი სკოლა გამახსენდა, ჩვენი ბავშვები და თავი მშობლიურ გარემოში ვიგრძენი.

საოცარი და დაუვიწყარი იყო ბოლო კონცერტი. კონცერტის დასასრულს აპლოდისმენტები არ წყდებოდა, ყველა ფეხზე იდგა, ჩვენ კი მათ გაბრწყინებული სახეებით შევციცინებდით. მაყურებლისგან მადლიერება და სითბო მოდიოდა და ჩვენც იმავეთი ვპასუხობდით.

ჩემთვის ეს პროექტი ერთობლივი თავგადასავალი და უდიდესი გამოცდილებაა, რომელმაც ახალი ადამიანები და ურთიერთობები შემმატა. მათთან განშორება ნამდვილად ემოციური და რთული აღმოჩნდა, თუმცა ეს დასასრული არ არის. ეს - ყველაფრის დასაწყისია..

ჯადოსნური თავგადასავალი

გვანცა ახვლედიანი  

ეს ჩვეულებრივი პროექტი არაა. ეს რაღაც ჯადოსნური თავგადასავალია, რომელმაც ჩემი თანატოლი გერმანელები და ქართველები შეგვაკავშირა. ორკესტრანტებმა გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები, კულტურა. თუ ზაარბრიუკენის ვალდორფის სკოლაში მოხვდებით, ქართულ სიმღერებს გაიგონებთ, ქართულად დიალოგსაც გააბამთ იქაურებთან. რამდენიმე მათგანი სუფთა ქართულით გამოთქვამს სიტყვას - ბრდღვნა  ესეც უნდა ვთქვა - თავიდან ჩვენი მაგიდები სამზარეულოში განცალკევებით იდგა. სულ რამდენიმე დღეში კი ერთმანეთი გაშლილი ხელებით მივიღეთ და ყველა წინაღობა გადავლახეთ. მუსიკას არ აქვს საზღვრები. ის აერთიანებს. უკიდეგანოდ მადლიერი ვარ.

bottom of page