თეატრალურმა დასმა "მაკბეთი" დადგა

5 აპრ. 2024
ვალდორფის თეატრალურმა დასმა პიესა დადგა
"წინა წელს გაცვლითი პროგრამით ვიყავი გერმანიაში.
იქ ინგლისურის გაკვეთილზე „მაკბეტს“ კითხულობდნენ და პიესას მაშინ „გავეცანი“. შთამაგონებელი იყო.
შემდეგ ჩვენს რეჟისორს, ბატონ თორნიკესაც გავუზიარე ჩემი აღფრთოვანება და შექსპირის ამ ნაწარმოების დიდებულება მხოლოდ მას შემდეგ აღვიქვი, რაც თეატრალურ წრეზე პიესის დამუშავება დავიწყეთ.
ეს იყო ძალიან ამაღელვებელი პროცესი.
ტექსტში ადამიანური ვნებები, მანკიერებები, თვისებები განსაკუთრებული სიმძაფრითაა წარმოჩენილი. მკაფიოდ ჩანს, თუ რაზეა წამსვლელი პირი ძალაუფლებისთვის. ნაჩვენებია ადამიანის პირუტყვული, ცხოველური ბუნება. როგორ მართავს მას ნება-სურვილი, იგივე „მე მინდა“ .
მე ლედი მაკბეტის როლი მერგო და მისი ლიდერობის უნარით ისე მოვიხიბლე, რომ ყოველგვარი დაძაბულობაც ჩამოვიშორე მხრებიდან. ჩემთვის ლედი მაკბეტი დედოფლისა და მეომარი ქალის არქეტიპული სახეა. ის შინაგანად ისეთი ძლიერია, მტკიცე და მკაცრია, აბობოქრებულ ზღვასაც კი დაამშვიდებს. ამასთან, ქმართან ურთიერთობისას ჩანს, როგორი მანიპულატორია.
ლედი მაკბეტი მეც დამეხმარა გაზრდაში, პიროვნული განვითარების გზაზე შემძინა საინტერესო გამოცდილება. როგორც გრიგოლ ხანძთელმა მოახერხა შემეცნებისა და სწავლის პერიოდში გაეცხრილა შესამეცნებელი, შეეთვისებინა კეთილი, „ხოლო ჯერკვალი განეგდო“, ისე მეც გავიაზრე ამ ქალის სახე. შევეცადე, გამეთავისებინა, მომერგო მისი ხასიათი, მესწავლა მისგან როგორ ღირს და როგორ არ ღირს მოქცევა არავითარ შემთხვევაში.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო როლზე მუშაობისას მონიჭებული თავისუფლება. საშუალება მქონდა შიგადაშიგ როგორც სცენარისტს, რეჟისორსა თუ მსახიობს, გამომეხატა ჩემი აზრი.
რეპეტიციებზე შეიკრა დასიც, ერთგვარი ჰარმონიული გარემო, ატმოსფერო, რომელშიც წინსვლისათვის ყველანი ერთმანეთს ვეხმარებოდით.
მადლიერი ვარ იმისი, რომ უფრო მეტი ადამიანი გავიცანი, სხვა კლასის მოსწავლეებსაც დავუახლოვდი და მათთან ერთად შევძელი და მოვირგე სცენა, ყველაზე ჯადოსნური ადგილი მთელ სამყაროში“.
გვანცა ახვლედიანი, მე-12 კლასის მოსწავლე
სპექტაკლის რეჟისორი: თორნიკე ბლუაშვილი
