საშობაო ბაზრობა

დეკემბერი ბრკიალა, განსაკუთრებული თვეა.
საშობაო განწყობა თვის დასაწყისიდანვე იბუდებს გულში და ნელ-ნელა, კვირიდან კვირამდე ღვივდება.
ბევრგან უკვეა საზეიმო განწყობა, იწყება ნაძვის ხის მორთვა, ახალი სათამაშოებისა და საახალწლო აქსესუარების შეთვალიერება-შემატება.
ზოგან კი, შესაძლოა, არ იყოს ამის განწყობა ან საშუალება.
ახალ წელს და საყოველთაო საზეიმო ვითარებებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმათზე ფიქრი და ზრუნვაა, ვისაც უჭირს, სცივა, შია, მარტოა, უსიყვარულობით ან უპატრონობითაა გულმოკლული და გაბოროტებული… ადამიანური სითბოსა და სიკეთის გაზიარება ასეთ დროს ყველაფერზე, ყველაფერზე მეტად მნიშვნელოვანია.
დეკემბერში, რასაკვირველია, სკოლაც საგანგებოდ ემზადება შობის შესახვედრად და აი, დადგა დრო, ჩვენი ტრადიციული საშობაო ბაზრობის თარიღი და დრო გაცნობოთ.
ძვირფასო მშობლებო, სკოლის გულშემატკივრებო, სტუმრებო!
16 დეკემბერს, 13:00 დან 15:00 მდე, სკოლაში საშობაო ბაზრობაზე გეპატიჟებით.
ოჰ, რამდენი რამ დაგხვდებათ აქ.
ჯერ მერვეებისა და მეთერთმეტეების კაფეში მოღონიერდებით - უგემრიელესი საჭმელ-სასმელი, ზღაპრული სუფრა და ხორაგეულია აქ!
ჩვენი ძვირფასი სკოლის გარე სივრცეში, წინა და უკანა ეზოებში კი სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით მოეწყობა ვორკშოპები: ხის ფიფქებისა და ცვილის სანთლების ამოვლების, თაფლაკვერების სახლების შეწებება-აშენების, ჩურჩხელების ამოვლების, პურის ცხობის, მისალოცი ბარათების დამზადების და კიდევ სხვა მრავალი.
და მთავარი:
ბაზრობაზე შემოსული თანხის ნაწილს გადავდებთ და მოხუცებულთა თავშესაფარს ვესტუმრებით ხელდამშვენებულები. რაიმე ისეთს შევუძენთ, მათ რომ სჭირდებათ და სურთ. იქ მცხოვრები ადამიანების გულების გასათბობად, მათი საჭიროებების თუნდაც მცირედით დასაკმაყოფილებლად ეს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ზუსტად ვიცით - სითბოს, სიკეთისა და სიყვარულის გაზიარება მთავარი საშობაო „ღონისძიებაა“.
